ვდგავართ ორნი მწვერვალის ძირში, კლდეებთან. სამი წლის შემდეგ, ისევ 5 სექტემბერს. წვერი არ ჩანს, თოკასაც კი ძლივს ვხედავ ხუთმეტრიანი თოკის მეორე ბოლოში. აქ უკვე მესამედ ვართ ერთად, ახლა უკვე ერთად და მარტოები. ვიცით, წვერამდე სულ რამდენიმე მეტრი გვაკლია. ისიც ვიცით, რამდენს ვრისკავთ ყოველი შემდეგი ნაბიჯით ზემოთ. წერაყინს მთელი ძალით ღრმად ვარჭობთ, ქარმა რომ რუსეთის სტეპებისკენ არ გადაგვიყოლოს. ქარიშხალს ერთადერთი სასიამოვნო თოკას ხმა მოაქვს ჩემამდე, მაგრამ ჩემი პასუხები იქამდე ვეღარ აღწევს, ამიტომ ნახევრად გაყინული და წერაყინისგან თავისუფალი ცალი ხელით ვანიშნებ რაღაცებს.
კლდეების ძირში რამდენიმე წამია ვდგავართ. რატომღაც იმედი გვაქვს, რომ მთელი ღამის ნისლში სიარულის მერე ოდნავ მაინც გაიხსნება ცა. წამიერად მზისგან შეყვითლებული ნისლიც გვაბედნიერებს. ქარი არ ნებდება, ფეხებშიც კი მიწისძვრასავით იგრძნობა მისი სიძლიერე. ორივეს ერთი ფიქრი გვიტრიალებს, ვიცით, სწორი რაც იქნება, მაგრამ რთული გადაწყვეტილებაა. დროს ვწელავთ, ან თვითონ იწელება. მერე თოკა ცერა თითით ქვედა ფერდისკენ მანიშნებს, მეც მძიმედ თავს ვუქნევ და ვეშვებით.
სამწვერვალე ზურგჩანთაში, რომლის თითოეული გრამი კარგად აწონ-დაწონილია (მაგალითად, რამდენი შოკოლადი წაიღო, ზედმეტად რომ არ დამძიმდე), ფოტოაპარატი მიდევს. ზუსტად ვიცი, ამ ასვლის ერთი კადრი რაცაა, ნისლში ნახევრად დაფარული თორნიკეს სილუეტი თეთრად შეყინული ზუგრჩანთით და ჩვენი დამაკავშირებელი ხუთ მეტრზე გაშლილი თოკით. დანარჩენი - სრული სიცარიელე, ყველა განზომილებით.
რა თქმა უნდა, ვერაფერი გადავიღე.
ამ კადრებიდან უმრავლესობა მყინვარწვერის მეტეო სადგურის გზაზეა გადაღებული, ზოგი - წინა წლების ასვლების დროს, როცა მე და ფოტოაპარატი ფუნქციონირებადი ტემპერატურის ვიყავით.