5 ივნისს ხელოვნების სახლი / Art House გაიხსნა!!!
ხელოვნების სახლი / Art House არის გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club-ის პროექტი, რომლის განხორციელებაც 2016 წლს დავიწყეთ.
ამ პროექტზე მუშაობის პროცესი სავსე იყო გამოწვევებით და პრობლემებით რომელთა მოგვარებაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა, თუმცა დიდი ძალისხმევის, მხარდაჭერის და ერთობლივი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ რომ ოცნება ავიხდინეთ და შევქმენით რეგიონში ყველაზე დიდი ხელოვნების და არაფორმალური განათლების ცენტრი.
საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) საგრანტო პროექტ: „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში.
როგორც ჩვენს მხარდამჭერებს დასაწყისში ვპირდებოდით ეს იქნება სივრცე, რომელიც ღიაა ნებისმიერი არტ ინიციატივისთვის.
ჩვენი პირველი გამოფენა "19 კითხვა" სწორედ იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელსაც ხელოვნების სახლი მომავალში განახორცილებს თქვენთან ერთად.
გამოფენა "19 კითხვა" :
კუთვნილების ცნება მოქნილი, სოციალურად კონსტრუირებული და ცვალებადია. ხშირად ის კონკრეტულ ფიზიკურ სივრცესთან - სახლთან ემოციური ან ონტოლოგიური მიჯაჭვულობის გრძნობას გულისხმობს.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს, როგორც მოაზროვნე ინდივიდებს, საკუთარი ადგილის, კუთვნილების განსაზღვრის განსაკუთრებულად ღრმა მოთხოვნა აქვთ, იმისთვის, რომ მიანიჭონ თავიანთ ცხოვრებას აზრი და მიზანი, რაც მათ საკუთარი გამოცდილებების გადააზრებასა და გაანალიზებაში უწყობთ ხელს. ის, თუ როგორ ვხსნით და ვაანალიზებთ ჩვენსავე პიროვნებას საკუთარ თავთან, ხშირად, სწორედ ამ კომპლექსური პროცესებიდან მომდინარეობს.
სწორედ კუთვნილებისა და საკუთარი ადგილის ძიების პროცესს იკვლევს გამოფენა „19 კითხვა“. ესაა მონაწილეთა მიერ საკუთარი ადგილის ძიების მცდელობა, პირადი გამოცდილებებითა და იმ ისტორიებით, რომლებსაც ისინი თავიანთი სერიებით გვიყვებიან, იმაზე, თუ ვინ არიან, საიდან მოდიან და როგორ მოვიდნენ აქამდე.
როგორც მთხრობელები ჩვენ იშვიათად ვართ ჩვენივე ისტორიების ერთადერთი ავტორები: ისინი უწყვეტ დიალოგს ქმნიან ჩვენ გარშემო მყოფებთან და შედეგად, პერსონალურ გამოცდილებებად ტრანსფორმირდებიან. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებთ იმ კვალს, რომელიც ჩვენზე კონკრეტულმა მოვლენებმა და ადამიანებმა დატოვეს - რომელთაც მოგვცეს ჩვენ ჩვენი “ისტორიები”, რაც ხაზოვანი დროის რღვევის შემთხვევაში ჩვენს კოლექტიურ „აწმყოს“ ქმნის.
მონაწილეები: ანა ბარჯაძე, ლევან ახალკაცი, გიორგი აბრამიძე, გიორგი კობალაძე, თათა საბაშვილი, ზურა ხომერიკი, თაკო ტაველიძე, თამარა შოშიტაშვილი, თინა კარელიძე, კახაბერ ქარელიძე, ლუკა ბედოშვილი, მარიამ შალამბერიძე, ნიკა სომხიშვილი, ნუცა ლომსაძე, ოთო გვრიტიშვილი, ტატო წიქარიძე, თინათინ ციცვიძე, მარიამ თოფჩიშვილი.
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი